02.10.2008 - 17:30:39
საერთო საქმის მარკეტინგი* გაყიდვებს ზრდის
კვლევის - ”2008 წლის კოუნის საერთო საქმის მარკეტინგის ევოლუციის შესწავლა” ("The 2008 Cone Cause Evolution Study") საფუძველზე ცნობილი ხდება, რომ მომხმარებლები უპირატესობას ანიჭებენ იმ კომპანიის პროდუქციას, რომელიც ასოცირდება იმ სოციალურ მოვლენებთან თუ პრობლემებთან, რომლებიც მათ აინტერესებთ.
კოუნმა (ბოსტონის ბრენდ-სტრატეგიისა და კომუნიკაციის სააგენტო) აგვისტოს თვეში 1100 სრულწლოვანი რესპონდენტი გამოკითხა. გამოკითხულთა 85%-მა განაცხადა, რომ მათ კომპანიაზე უფრო პოზიტიური იმიჯი ექმნებათ მაშინ, როდესაც კომპანია მხარს უჭერს იმავე სოციალურ საქმეს, მოვლენასა თუ პრობლემას, რომელზეც მომხმარებელსაც შესტკივა გული. იგივე პროცენტმა განაცხადა, რომ მათთვის მისაღებია, როდესაც კომპანია ახდენს არა მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის დემონსტრირებას თავიანთ რეკლამებში. ხოლო გამოკითხულთა 38% 2008 წლის განმავლობაში იძენდა იმ პროდუქტს, რომელიც ასოცირდებოდა მისთვის საინტერესო სასარგებლო საქმესთან.
კიდევ ერთი კვლევის საფუძველზე, რომელიც კოუნმა დიუკის უნივერსიტეტთან (Duke University) ერთად ჩაატრა ("2008 Cone/Duke University Behavioral Cause Study") ცდილობდნენ შეემოწმებინათ გამოკითხულთა პასუხების სიზუსტე. ამისთვის პრაქტიკული ექსპერიმენტი ჩაატარეს: 150 მომხმარებელი პირობით მაღაზიაში სავაჭროდ შეუშვეს, სადაც 4-იდან 1 ბრენდის სარეკლამო ბანერი არა მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის დემონსტრირებას ახდენდა. შედეგებმა აჩვენა შემდეგი: 75%-იანი ზრდა იმ შამპუნის გაყიდვებში, რომლის სარეკლამო ბანერი არა მოგებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციასთან საერთო საქმეს ასახავდა, 28%-იანი ზრდა ასეთივე სარეკლამო კამპანიის მქონე კბილის პასტის გაყიდვებში...
”ერთი რამ ცხადია, მომხმარებლები მეტ ყურადღებას აქცევენ საერთო საქმის მარკეტინგთან დაკავშირებულ მესიჯებს და შედეგად უფრო მეტად სწორედ ამგვარი კამპანიის მქონე პროდუქციას იძენენ”, - აცხადებს დიუკის უნივერსიტეტის მარკეტინგის პროფესორი გავან ფითზსიმონსი (Gavan Fitzsimons) - ”ეს ბრენდ მენეჯერებისათვის მართლაც არაჩვეულებრივი სიახლეა, რადგან თითოეული პროცენტული ზრდა შეიძლება გარდაიქმნას მილიონი დოლარის ოდენობის შემოსავლად.”
დამატებითი ინფორმაციისათვის იხ.: http://www.adweek.com/
* საერთო საქმის მარკეტინგი (Cause Marketing) - ისეთი ტიპის მარკეტინგია, რომელიც ითვალისწინებს მოგებაზე ორიენტირებული კომპანიისა და არა მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციის თანამშრომლობას (ფინანსური დახმარების გარეშე) საერთო სარგებლის მიღების მიზნით.