PR-ის ერთმნიშვნელოვანი განმარტება დღემდე არ არსებობს და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ ჩვენ შევეცადეთ განვიხილოთ PR- ის განმარტების რამოდენიმე ვერსია, რომლებიც ბოლო 60 წლის მანძილზე ჩამოყალიბდა.
ვებსტერის ლექსიკონში PR- ს ასე განმარტავენ:
"გაგებისა და კეთილგანწყობის დამკვიდრება ორგანიზაციას, ხალხის ჯგუფებსა და საზოგადოებას შორის, საინფორმაციო მასალების გავრცელების, ორმხრივი ურთიერთობების დამყარებისა და საზოგადოების რეაქციის შესწავლის გზით".
PR-ის ერთ-ერთი თვალსაჩინო სპეციალისტი სემ ბლეკი, მოკლე და საკმაოდ არსობრივ განმარტებას გვთავაზობს:
"Public Relations " - ეს ჰარმონიის მიღწევის ხელოვნება და მეცნიერებაა ურთიერთგაგების საშუალებით, რომელიც სიმართლესა და მაქსიმალურ ინფორმირებულობას ემყარება".
საზოგადოებრივი ურთიერთობების ამერიკის საზოგადოებამ (PRSA) 1982 წელს გააკეთა ოფიციალური განმარტება PR-ის შესახებ, რომელიც მდგომარეობს შემდეგში:
"შეუძლია რა ურთიერთგაგების მიღწევა სხვადასხვა ჯგუფებსა და ორგანიზაციებს შორის, PR ხელს უწყობს ჩვენს რთულ პლურალისტურ საზოგადოებას მიიღოს გადაწყვეტილება და იმოქმედოს ეფექტურად. ის უზრუნველყოფს ჰარმონიას კერძო და საზოგადოებრივ საქმიანობაში".
PR ემსახურება ბევრ სოციალურ ინსტიტუტებს: მაგ. საწარმოებს, სამთავრობო სტრუქტურებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ფონდებს, პროფესიულ ასოციაციებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებს და სხვა. მიზნის მისაღწევად ამ ინსტიტუტებმა უნდა ჩამოაყალიბონ ურთიერთსასურველი კავშირები სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებთან.
1912 წელს, ბრიტანეთის მთავრობამ დაიწყო საპენსიო უზრუნველყოფის ახალი მიდგომების ახსნა-განმარტება მოსახლეობისთვის, რომელსაც სათავეში ჩაუდგა ლოიდ ჯორჯი და ასე ჩამოაყალიბა თავისი ამოცანა:
"საზოგადოების მხარდაჭერითა და გაგებით გაცილებით ადვილია მიაღწიო დასახული მიზნის წარმატებით განხორციელებას, ვიდრე საზოგადოების გულგრილობითა და ოპოზიციაში ყოფნით. ამიტომ საზოგადოებასთან ურთიერთობა ეს არის ნდობის, რეპუტაციის, ჰარმონიისა და ურთიერთგაგების დამკვიდრება, რომელიც სიმართლესა და მაქსიმალურ ინფორმირებულობას ეფუძნება".
ამ დროს PR სპეციალისტი გამოდის რომელიმე სოციალური ინსტიტუტის ხელმძღვანელობის მრჩეველი და შემდგომში შუამავალი ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის. ს. კატლიპმა და გ. ბრუმმა, რომლებიც არიან "ეფექტური PR - ის" მონოგრაფიის გამოცემის ავტორები, წარმოადგინეს PR-ის შემდეგნაირი განმარტება:
"PR ეს არის მართვის ფუნქცია, რომელსაც შეუძლია ჩამოაყალიბოს და შეინარჩუნოს ურთიერთსასურველი კავშირები ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის, რომელზეც დამოკიდებულია ორგანიზაციის წარმატება ან წარუმატებლობა".
და ბოლოს, საინტერესოა გავეცნოთ საზოგადოებასთან ურთიერთობების ინსტიტუტის (IPR) შემუშავებულ განმარტებას:
"PR წარმოადგენს დაგეგმილ და უწყვეტ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია ორგანიზაციასა და საზოგადოებას შორის კეთილსასურველი ურთიერთობების და ურთიერთგაგების ჩამოყალიბებაზე და შენარჩუნებაზე".
აქვე სასურველია გავაკეთოთ ჩამონათვალი რა იგულისხმება და რა არ იგულისხმება PR-ის გაგებაში:
PR-ის გაგება მოიცავს:
- ყველაფერი ის, რაც ხელს უწყობს ორგანიზაციასა და ყველა იმ ჯგუფებთან ჰარმონიული ურთიერთობების ჩამოყალიბებას, ვისთანაც ამ ორგანიზაციას გააჩნია კონტაქტი, როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის გარეთაც.
- რეკომენდაციებს, ორგანიზაციის "საზოგადოებრივი იმიჯის" ფორმირებისათვის.
- იმ მოქმედებებს, რომელიც მიმართულია გაუგებრობების და ჭორების გამოაშკარავებისაკენ და აღმოფხვრისაკენ.
- მოქმედებებს, რომელიც ხელს უწყობს ორგანიზაციას თავისი საქმიანობის გაფართოებაში რეკლამის, თანხმობის, გამოფენების, ვიდეო ჩვენებების და სხვა ღონისძიებების ორგანიზებით.
- ყველაფერი ის, რაც ხელს უწობს ხალხსა და ორგანიზაციას შორის კონტაქტების გაუმჯობესებას.
PR-ი ეს არ არის:
- ბარიერი ჭეშმარიტებასა და საზოგადოებას შორის
- პროპაგანდა
- რეკლამა, რომელიც ორიენტირებულია მხოლოდ კონკრეტული პროდუქტის გაყიდვაზე. თუმცა რეკლამას, ისევე როგორც მარკეტინგს ერთ-ერთი მთავარი ადგილი უკავია PR-ის სისტემაში.
- ეშმაკობის და ტრიუკების შერწყმა
- უფასო რეკლამა
- მხოლოდ პრესასთან მუშაობა, თუმცა ეს მიმართულება არის PR-ის ერთ-ერთ აუცილებელ ნაწილი.
განმარტება: PR წარმოადგენს Public Relations - ის აბრივიატურას. ქართულ ენაში Public Relations ცნობილია, როგორც "საზოგადოებასთან ურთიერთობა" და "საზოგადოებრივი ურთიერთობები". ასევე ხშირად გამოიყენება: "ფაბლიქ რილეიშნზ" (Public Relations) და "ფიარი" (PR).
|