მთავარი   ::  ჩვენს შესახებ   ::  პარტნიორები   ::  კონტაქტი
ძირითადი მენიუ

ძიება საიტზე PRGUIDE.GE


საიტის სპონსორები



რეგისტრაცია

მომხმარებლის სახელი

პაროლი


დამიმახსოვრე

[ რეგისტრაცია ]
[ დაგავიწყდათ პაროლი? ]

დარეგისტრირდით და მიიღეთ პერიოდული ინფორმაცია PRGUIDE.GE-დან.


"წინ, რიგითი იმედის გადასარჩენად"
"წინ, რიგითი იმედის გადასარჩენად"
  
?მე არ ვიცი, ვინ იყო პაპაჩემი,მაგრამ მე
მაშფოთებს ის, თუ ვინ იქნება
მისი შვილიშვილი.?

აბრაამ ლინკოლნი

ამ წერილის დაწერა იმ იმედმა განაპირობა, რომელიც ბოლო დროს, საბედნიეროდ, საზოგადოებაში გაჩნდა. ბრძენ ესქილეს თუ დავესესხებით, ?ხალხის აზრი-დიდი ძალაა? და ამ შემთხვევაშიც, როცა იმედზე მოგახსენებთ, იმთავითვე ხალხის აზრს ვითვალისწინებ... მჯერა, ეს არ იქნება ის იმედი, რაზეც ჭაბუა ამირეჯიბი ?დათა თუთაშხიაში? ერთგან აღნიშნავს: ?იმედი სადაა და შენ უნდა გამოიგონო ხალხის იმედი?... ანუ საუბარია ?ზებოს იმედზე?...გახსოვთ, ალბათ, ჯუჯა ზებო, ჭაში რომ ზის გატრუნული და ?მამა-მარჩენალის? წყალობის მომლოდინე იმედით საზრდოობს...ახალი ხელისუფლების იმიჯი არის იმედის იმიჯი. ამომრჩეველმა მომავლის იმედი აირჩია...(თუმცა 97% გარკვეულ უხერხულობას და საშიშროებასაც ქმნის. კონკურენტული გარემოს შექმნა კი განვითარების აუცილებელი პირობაა...) თუმცა, ქვეყნის პრეზიდენტმა არც ის უნდა დაივიწყოს, რომ ჰიტლერი და მუსოლინიც ხელისუფლებაში იმედის იმიჯით მოვიდნენ...
ფრანგი ჟაკ სეგელა, მასშტაბური და დიდი სარეკლამო კამპანიების, მათ შორის პოლიტიკური რეკლამის ცნობილი პრაქტიკოსი, თავისი პრინციპებიდან გამომდინარე ამ აზრის ერთგულია: ?არ უნდა დავივიწყოთ იმის შესახებ, რომ რამდენიმე ათეული წლის წინ ერთმანეთს შეხვდნენ საშუალო ნიჭის მოყვარული მხატვარი და გენიალური სარეკლამო აგენტი. მათ ერთად ლამის კატასტროფამდე მიიყვანეს მთელი მსოფლიო. პირველი ჰიტლერი იყო, მეორე კი-ჰებელსი?...ფაქტია, რომ ზვიად გამსახურდიას წინააღმდეგ განხორციელებული პუტჩის შემდეგ, მოსახლეობა ექსპრეზიდენტ შევარდნაძეს ერთგვარი იმედით შეხვდა. მისი იმიჯიც იმედს უკავშირდებოდა. ერთი პერიოდი ის შეუცვლელიც კი ჩანდა, ყოველ შემთხვევაში, ხალხს ასე ეგონა. მაშინ ხალხის მოტყუება და დაყოლიება შედარებით ადვილი იყო... ამაში მასმედიის წვლილი განუზომლად დიდი იყო. მარტივად რომ ვთქვათ, არ არის ინფორმაცია, ბუნებრივია, არ არის რეაქციაც...ერთხელ აშშ-ის პრეზიდენტმა, რიჩარდ ნიქსონმა ეროვნული უშიშროების საბჭოში საბიუჯეტო გასავლებთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ინფორმაციისა და პროპაგანდის კუთხით ჩადებული ერთი დოლარი ხშირად უფრო მნიშვნელოვანი შედეგის მომცემია, ვიდრე ათი დოლარი-შეიარაღების ახალი სისტემების შესაქმნელად ჩადებული...დიდ ბრტანეთში ასეთი Pღ აქსიომა მუსირებს: მთავრობა უნდა მუშაობდეს წარმატებით, იმდენად ეფექტურად, რომ ყველა მოქალაქე საბოლოოდ უნდა დარწმუნდეს მთავრობის საქმიანობის ეფექტურობაში. იმედის იმიჯით საკმაოდ ბევრი მთავრობა და ხელისუფალი მოვიდა ამა თუ იმ ქვეყნის სათავეში. თუმცა ძალიან ცოტამ შეინარჩუნა ბოლომდე ეს იმიჯი. თუ რატომ-ეს უკვე ცალკე მსჯელობის საგანია. რაც შეეხება მასმედიას, ბატონი ნიქსონის სიტყვები ხშირ შემთხვევაში საფუძვლიანი გახლავთ...ეს საკითხიც ცალკე მსჯელობის თემაა და ამაზეც სხვა დროს ვისაუბრებთ. ორ საგულისხმო და კლასიკურ მაგალითს მაინც შევახსენებ მკითხველს, საიდანაც დასკვნები თავად გააკეთოს:

ფაქტი პირველი: XX საუკუნის 20-იან წლებში მინესოტას შტატის სენატორი ვინმე მაგნუს ჯონსონი ჟურნალისტებისათვის განკუთვნილ ლოჟაში შევარდა და პრესის წარმომადგენლებს ყვირილით არაობიექტურობაში დასდო ბრალი. რეპორტიორებს ეს არ მოეწონათ. როცა სენატორმა გული მოიოხა და დატოვა ლოჟა, ჟურნალისტებმა მოილაპარაკეს და დადეს პირობა, რომ არცერთ მათგანს თავიანთ პუბლიკაციაში, არც კარგ და რაც მთავარია, არც ცუდ კონტექსტში არ უნდა ეხსენებინა სენატორის სახელი. ეს პირობა ჟურნალისტებმა ბოლომდე დაიცვეს და ამის შედეგად ჯონსონი, როგორც პოლიტიკური მოღვაწე, ფაქტობრივად განადგურდა.
ფაქტი მეორე: საინფორმაციო ომები, რაც რეგულარულად მიმდინარეობს რუსეთის ოლიგარქებს შორის, მათი მოგონილი არ არის. პირველი ასეთი ?საინფორმაციო ომი? გაიმართა თითქმის 60 წლის წინათ აშშ-ში, მულტიმილიონერ რანდოლფ ჰერსტსა და რეჟისორ ორსონ უელსს შორის. აქედან მოყოლებული იცვლებოდა თამაშის წესები, მიზნები და ასე შემდეგ; მხოლოდ ერთი რამ იყო უცვლელი,-ეგრეთ წოდებული ?საბრძოლო მოქმედების? წარმართვის მეთოდი.
აი, ხუთი პირობა, რაც მედიამაგნატმა და მულტიმილიონერმა რანდოლფ ჰერსტმა წაუყენა თავის საინფორმაციო იმპერიას, როცა გადაწყვიტა ჰოლივუდისა და მისთვის საძულველი რეჟისორის ორსონ უელსის ?გასრესა?:

1. ყოველდღიურად ყველა ბეჭდვით გამოცემაში უნდა დაბეჭდილიყო სტატია ჰოლივუდის სკანდალზე, ეს იქნებოდა ძველი თუ ახალი ფაქტი. მაგალითად: რომელიღაც მენეჯერმა მოიპარა ფული, რომელიღაც მსახიობმა შეაცდინა რეჟისორის ცოლი და ასე შემდეგ.

2. ყველა ნეგატიური სიახლე ჰოლივუდზე, თვით უმნიშვნელოც კი, ყველა გამოცემაში პირველ გვერდზე უნდა განთავსებულიყო.

3. უნდა აგორებულიყო კამპანია ?სამუშაო ადგილი ამერიკაში ამერიკელებს?, რადგან მრავალი ფილმის წარმატება სხვა ქვეყნებიდან მოწვეული მსახიობების (ან ემიგრანტების) შედეგად იყო მიღწეული. ამგვარი კამპანია კი პირდაპირ დარტყმას აყენებდა ჰოლივუდის ბიზნესს.

4. არ უნდა ეხსნებინათ ორსონ უელსის ფილმი (ის ფილმი, რომელიც ჰერსტის პირად ცხოვრებას ეხებოდა და ?საინფორმაციო ომის? დაწყების მიზეზი გახდა). არ უნდა გამოეყენებინათ ერთ კონტექსტში: ?უელსი და კინოსტუდია?, ?უელსი და ჰოლივუდი?, ?უელსი და კინემატოგრაფი?, ?უელსი და ფილმი?; უელსის დანარჩენ საქმიანობაზე უნდა ეწერათ მხოლოდ უარყოფითი კუთხით.

5. ყველა საშუალებით უნდა დაეტერორებინათ ჰოლივუდის კინომაგნატები. ხშირად უნდა შეეხსენებინათ მათთვის: ?თქვენ მოგინდათ გეჩვენებინათ ვიღაცის პირადი ცხოვრება? შესანიშნავია! თქვენ მოგეცემათ იმის საშუალებაც, რომ გაზეთების პირველ გვერდებზე წაიკითხოთ პირად ცხოვრებაზე, ოღონდ, ეს იქნება თქვენი პირადი ცხოვრება!?
მიიღო რა, ეს მუხანათური გეგმა, ჰერსტის მედიამანქანა ისე ამუშავდა, რომ ჰოლივუდი საშინელმა პანიკამ მოიცვა. ეს ომიც ისე დამთავრდა, როგორც დღევანდელი ამგვარი ომები მთავრდება ხოლმე: ყველა მისი მონაწილე დამარცხებული აღმოჩნდა.
ცნობისათვის: მეხიკო-სიტიში დადგმული გენერალ ობრეგონის ბიუსტის ქვეშ ამოკვეთილია მისი სიტყვები: ?ნუ გეშინიათ მტრისა, რომელიც თავს გესხმით, გეშინოდეთ მეგობრებისა, რომლებიც გემლიქვნელებიან...?
ძველი რომაელები ამბობდნენ: ?დაიცავი წესრიგი და წესრიგი დაგიცავს შენ?... მსახიობებს ეკუთვნით გამოთქმა: ნახევარი ცხოვრება მუშაობ სახელისთვის და შემდეგ კი-სახელი მუშაობს შენთვის?... წერილის დასაწყისში ?ხალხის აზრი? ვახსენე და ამან ერთი ასეთი მაგალითი ამოატივტივა მეხსიერებიდან. სოლჟელიცინმა სახელმწიფო დუმის დეპუტატებთან შეხვედრისას თქვა: ყველამ ვიცით, რომ ეკონომიკური რეფორმის გეგმა არასდროს არ გამოცხადებულა. რატომ? თუ ის არ გვაქვს-მაშინ ეს ავანტიურაა, თუ ის გვაქვს-მაშინ რატომ გვიმალავენ? ჩვენ ყველაფერი ვიცით: თავისუფალი ფასები მონოპოლისტების სასარგებლოდ მუშაობს. ერთი რომელიმე ვაუჩერით არც ერთ მოქალაქეს არ მიუღია თავისი წილი ეროვნული სიმდიდრიდან. ჩვენთვის ცნობილია პრესიდან, რომ ხან აქ, ხან იქ ხდება სკანდალური შემთხვევები ანუ პრივატიზაცია შეუფასებლად. ვიღაცამ ეს მოახერხა საერთოდ უფასოდ, სახელმწიფოს კი არაფერი მიუღია. სახელმწიფომ გაძარცვა 70 მილიონი მეანაბრე, ყველაზე კეთილსინდისიერი, ყველაზე ლოიალური, ყველაზე ერთგული თავისი მოქალაქე; ანუ გამოატანინა უმკაცრესი განაჩენი: არასოდეს არ ენდო სახელმწიფოს და არასოდეს არ იმუშაო კეთილსინდისიერად... ამჯერადაც დასკვნები თავად მკითხველმა გამოიტანოს... არსებობს მრავალი მიზეზი, რამაც ქვეყანა ლამის უფსკრულის პირას მიიყვანა. ყოფნა-არ ყოფნის ზღვარზე მოხდა ის, რაც შექმნილი უმძიმესი სიტუაციის ლოგიკური დასასრული იყო... ქვეყანას გაუჩნდა შელახული იმიჯის გამოსწორების პერსპექტივა. თუმცა ისიც ცხადია, რომ ერთი ხელის მოსმით არც ?რომი არ აშენებულა? და მით უმეტეს, ჩვენს პირობებში, გადაჭარბებული ილუზია არ უნდა დაგვეუფლოს...რაც შეეხება არსებულ რეალობას, მრავალ მიზეზს შორის, ხშირ შემთხვევაში სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და გულწრფელი პატრიოტიზმის დეფიციტს გამოვყოფდი.

ერთი სიტყვით, გაჩნდა იმედი, რომელიც თანდათან რუდუნებით უნდა გაღვივდეს და საბოლოოდ გადარჩენის კოცონად უნდა აბრიალდეს. გაჩნდა გამარჯვების, აღმშენებლობის და ქვეყნის ერთგულების იმედი; გაერთიანებისა და ეროვნული ენერგიის მობილიზების, მისი სწორად წარმართვის იმედი; ეროვნული იდეოლოგიის შექმნისა და პროქართული ორიენტაციის ქონის იმედი. იმის იმედი, რომ კანონმა იკანონოს, წესიერებას, ზნეობას, სიბრძნესა და ნიჭიერებას გზა გაეხსნას, დაფასდეს პროფესიონალიზმი და კომპეტენტურობა. მოკლედ, ?სამართალმა პური ჭამოს?...ყური მივუგდოთ და ავწონ-დავწონოთ ბრძენი სოლონის სიტყვები:

?...შევადუღაბე მე ერთმანეთთან ძლერება და სამართალი
და ჩემი საქმით გავამართლე ჩემივე სიტყვა.
მდაბიორებსაც დავუწესე კანონები და
დიდებულებსაც, რათა ყველას, ვინც მართალია,
ჰქონდეთ მართალი სამართალი. სხვას რომ სჭეროდა
კვერთხი ჩემსავით, მამრს ავსა და ვერცხლის მოყვარეს
ვერ იუფლებდა იგი დემოსს, რადგან, უკეთუ
იმას ვიზამდი, რაც მეგობრებს ეამებოდა,
ან კიდევ იმას-რასაც მათი მტრები მეტყოდნენ,
გაიცლებოდა ვაჟკაცთაგან ჩვენი ქალაქი.
და ყოველმხრიდან მოწოლილი ძალით ამღვრეულს
მგლისებრ ტრიალი მომიწევდა ქოფაკთა შორის.?
(თარგმნა ნანა ტონიამ)

გაჩნდა იმის იმედი, რომ საქართველოს ხელისუფლების გონიერების, წინდახედულების, გულწრფელი სურვილისა და ნების შემთხვევაში, შესაძლებელია ნებისმიერი ურთულესი პრობლემის მოგვარება, ყოველგვარი კრიზისის დაძლევა; რუბიკონის გადალახვაც და ლაბირინთიდან გაღწევაც...ოღონდ, მინოტავრის არსებობა, არც ერთ შემთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს...როცა ?ძალა აღმართს ხნავს?, მოხერხებით, ჭკუით, გონიერებით, მოქნილი დიპლომატიითა და მოთმინებით უნდა გახვიდე ფონს... დათვი თუ მოგერევა, ბაბა შეიძლება დაუძახო, მაგრამ ?ნაცარქექიას? მოხერხება-გამჭრიახობა მაინც უნდა გამოიჩინო...ეს ისე, სხვათაშორის... რაც შეეხება ყბადაღებულ ?გვირაბს?, ის მაინც უნდა გვითხრას გასაგებად, მიკიბ-მოკიბვის გარეშე, ახალმა ხელისუფლებამ, გვირაბის რა მონაკვეთზე ვიმყოფებით ამჟამად და, სავარაუდოდ, როდის უნდა ველოდოთ ნანატრი შუქის გამოჩენას... გაჩნდა იმის იმედი, რომ ეს გზა, უპირველესად, მართლმადიდებელ ტაძრებამდე მიგვიყვანს და ოდენ ?სადაც გინდა იქ ილოცეს? პრინციპით არ ვიხელმძღვანელებთ, რომ არ გაგვიჭირდეს არჩიბალდ მეკეშივით საკუთარი ფესვებისკენ მიბრუნება ანუ ტოტალურმა გაუცხოებამ საბოლოოდ რომ არ გადაგვაგვაროს...ბუნებრივია, უზარმაზარი პასუხისმგებლობის აღება ერთობ ძნელი ტვირთია და სარისკო საქმე; როცა ნებაყოფლობით ებმები სახელმწიფოს მართვის უღელში, იღბლისა და ღვთის იმედის გარდა, სხვა, ?სათადარიგო? იმედებიც უნდა გაგაჩნდეს...ვფიქრობ, საერთო ძალისხმევის, ჩვენი ადათ-წესების, ისტორიული წარსულის გათვალისწინებითა და ხალხის გულწრფელი სიყვარულის, მისი უანგარო ერთგულების შინაგანი მოთხოვნილების შედეგად, ალბათ, შესაძლებელია, ძნელი ტვირთის ღირსეულად ტარება...მახსენდება აბრაამ ლონკოლნის ცნობილი სიტყვები: ?შეიძლება ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ; შეიძლება მთელი ხალხი გააბრიყვო გარკვეული ხნით; მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ?. აქვე მინდა მაქს ვებერის ნააზრევიც შეგახსენოთ: ?...ერი გაპატიებს ინტერესთა შელახვას, მაგრამ არასდროს-ღირსების შელახვას?. ღმერთმა ქნას, არჩილ ჯორჯაძის დასკვნა, რომ ?პოლიტიკური ბრძოლის ფილოსოფია ამაშია: მოდექ, გზა მომეც, რომ შენ ადგილას მე დავდგე და მე ვიბატონო?, ახალი ხელისუფლების მისამართით, საბოლოო ჯამში, უსაფუძვლო ნათქვამად დარჩეს...იმედია, ჩვენი ღრმად პატივცემული ხელისუფლება ყვარყვარისეული პრინციპით, ?გვაცალეთ, ბატონო!?... ან ?ოქროს სარაიას აგიშენებ, ჩემსას რომ მოვრჩები მერე?... არ იხელმძღვანელებს და წლობით დაბეჩავებულ, სოციალურად დაუცველ, ქვეყნის ყველაზე ერთგულ და პატიოსან მოქალაქეებს პირში ჩალაგამოვლებულს არ დატოვებს...არც ?ახლა ჩვენი დროას? ღიღინით-ღიღინით და ნიშნისმოგებით წავალთ მაინცდამაინც შორს...იმედია, სიტყვის თავისუფლება საბოლოოდ ჩაილურის წყალს არ დალევს და მასმედია ხელისუფლებისგან მთლიანად არ იქნება გაკონტროლებული; როგორც ეს პოსტსაბჭოთა სივრცის უმრავლეს ქვეყანაში თანმიმდევრულად და წარმატებით ხორციელდება; არადა, მახსოვს, როგორი თავმოწონებით ვიკვეხნიდით ქართული მედიის დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას...თუმცა, მედიასაც მართებს ზოგჯერ ზომიერების, ეთიკური და პროფესიული ნორმების დაცვა. ?ყველაფერი ნებადართულია? ან ?ვინც იხდის, მუსიკას ის უკვეთავს? პრინციპით მუშაობა, რეალური დამოუკიდებლობისაგან და თავისუფლებისაგან ძალიან შორს არის... ზოგადად მასმედია ეროვნული, სახელმწიფოებრივი ინტერესების დამცველი უნდა იყოს და არა ბრმა იარაღი მავანთა ხელში...
იმედია, ფეხს ვერ მოიკიდებს ანტისახელმწიფოებრივი, ანტიმართლმადიდებლური, ანტიეროვნული და ჩასაფრებით ზურგში მახვილის ჩაცემის სამარცხვინო ტენდენცია...იმედია, ახლა მაინც დამკვიდრდება სულხან-საბასეული ?სიტყვა-საქმიანი და საქმე-სიტყვიანი?...იმედია, უსამართლოდ არავინ იქნება დაკავებული და დასჯილი.

იმედია, ჩვენ ყველას ერთად, საქართველოს ყველა მოქალაქეს, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური აღმსარებლობისა, პარტიულსა თუ უპარტიოს, უბრალოსა თუ ბრალიანს, ჩინიანსა თუ უჩინოს, გულწრფელად გვიყვარს საკუთარი სამშობლო, ვართ მისი ნამდვილი პატრიოტები...იმედია, ჩვენს სკოლებსა და სხვა სასწავლებლებში პრიორიტეტული, უპირველეს ყოვლისა, მშობლიური ენა-ლიტერატურისა და ისტორიის საფუძვლიანი ცოდნა იქნება და ბუნებრივია, ამის პარალელურად განხორციელდება ყველა ის სასიკეთო საგანმანათლებლო პროექტი, რაც ხელს შეუწყობს ქართველი ერისა და ქართული სახელმწიფოს პროგრესს...
იმედია, გაიმარჯვებს უკეთ ცხოვრებისა და მომავლის რწმენა!
იმედია, გადარჩება ქართული კულტურა...
იმედია, აღსდგება ტერიტორიული მთლიანობა...
იმედია, გავერთიანდებით ერთიანი საქართველოსთვის!
იმედია, ჩვენს ისტორიულ სირცხვილებს (ლევან სანიკიძის დათვლით 309 ისტორიულ სირცხვილამდე მოგვეპოვება) არ მიემატება ახალი, თანამედროვე სირცხვილები...
იმედია, წარსულს ჩაბარდება ყველა ის სიავე და ბოროტება, რაც დღემდე ანგრევდა ქვეყანას...
იმედია, იფხიზლებს ხალხი! გამოიჩენს გონიერებას და ოდენ ?პურითა და სანახაობით? არ მოიხიბლება...
ერთი სიტყვით, რაგინდარა იმედი არ გაჩნდა...

ცნობისათვის: ?მართებულია დაემორჩილო სამართლიანობას, შეუძლებელია არ დაემორჩილო ძალას. სამართლიანობა, რომელსაც ზურგს არ უმაგრებს ძალა, უძლურია, ძალა, რომლის ზურგს უკან არ დგას სამართლიანობა, ტირანულია...ამიტომ ან სამართლიანობა უნდა გახდეს ძლიერი, ანდა ძალა-სამართლიანი?. (ბლეზ პასკალი). არც ის უნდა დაგვავიწყეს, რომ ?ძლიერი პიროვნებისა და მისი წუთისოფლური გაქანებისაგან რჩება მხოლოდ ერთი მუჭაღა მტვერი...ამქვეყნად ნაპოლეონები ისე საცოდავად ქრებიან, როგორც ბეღურები ტყეში ქარიშხლის დროს?. (კონსტანტინე კაპანელი)
იმედზე ვლაპარაკობთ და იქვე რეალური საშიშროებაც იგულისხმება, შიდა თუ გარე საშიშროება...შიდა-ისტორიული ?ქართლის ჭირი?, ან ?ციხე შიგნიდან ტყდება?...გარე-?დაყავი და იბატონე?, ყველგან იყო და იგრძნობოდე, ოღონდ ღიად არსად არ უნდა ჩანდე...ასევე ათასი არაპროგნოზირებადი ან ნაკლებად პროგნოზირებადი უბედურება, რაც გლობალისტურ პროცესებს ახლავს თან... ციციკორეს (?ნატვრის ხე?) სატკივარი და სადარდებელი, ყველა ?პროქართული ორიენტაციის? მამულიშვილის საფიქრალი და თავსატეხია...თურმე საბოლოო ბედნიერებისთვის, როგორც ერთი ბრძენი ბრძანებს, აუცილებელია გქონდეს ღირსეული სამშობლო...ჩვენ, მთელი მსოფლიოს გასაგონად ვთქვით, რომ ქართველი ერი, საქართველოში მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი ღირსია, ჰქონდეს ნათელი მომავალი...ჩევენ, დავით აღმაშენებლის საფლავზე დავიფიცეთ, რომ ვიცხოვრებთ და ვიშრომებთ ღირსეულად, ღირსეული ქვეყნის ასაშენებლად...დავიფიცეთ და ?შენობითაც? გავუბედეთ სწორუპოვარ წინპარს ლაპარაკი...ერთი სიტყვით, ?აღმაშენებლობის? სურვილი გავიჩნდა...ღმერთმა ინებოს!.. ?აღმაშენებლობა? უფლის მიერ რჩეულ ერთეულთა მძიმე ხვედრი და მისიაა...?საქმემან შენმან წარმოგაჩინოს!?-აი, ის ზოგადი სიბრძნე-ეტალონი, რასაც ვერც ერთი ჩვენგანი ვერ გაექცევა...ცნობისათვის: ამერიკელი ფილოსოფიის პროფესორი ჯონ დიუი ამბობს, რომ ადამიანის ბუნებრივი მისწრაფებაა, იყოს გამორჩეული. საყოველთაოდ ცნობილია მასლოუს ?მოთხოვნილებათა პირამიდაც?... საკვები, ძილი, ფული და ის, რაც ფულით შეიძლება შეიძინო, უშიშროება და ჯანმრთელობა, საკუთარი ღირსების შეგრძნება და მომავლის რწმენა,-ყველა ეს სურვილი შეიძლება დაკმაყოფილდეს; ხოლო ?დიდ ადამიანად ყოფნის სურვილის? შესრულება (ფროიდის ტერმინია) იშვიათად არის შესაძლებელი. დიუი კი ამას ?გამორჩეულ ადამიანად ყოფნის სურვილს? უწოდებს. ის ადამიანი, ვინც წესიერი გზით გახდება ?დიდი და გამორჩეული?, საყოველთაო აღიარებასა და სიყვარულს დაიმსახურებს.
შესანიშნავია, როცა რიგითი ჯარისკაცი გენერლობაზე ოცნებობს, საკუთარ შესაძლებლობებს ობიექტურად აფასებს...მეცნიერ-ფსიქიატრები ამტკიცებენ, რომ სულიერად დაავადებულ ადამიანთა უმრავლესობა იმიტომ ხვდება აშშ-ს ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში, რომ ვერ აისრულეს წადილი და ვერ დაიკმაყოფილეს თავიანთი პატივმოყვარეობა; ანუ ე.წ. ?განდიდების მანიით? არიან შეპყრობილი. ეს სენი ჩვენს სინამდვილეშიც თვალშისაცემია...?თუ ადამიანი საკუთარ თავს ებრძვის-იგი რაღაცად ღირს? (ბრაუნინგი). საკუთარი თავის გარდაქმნა-გამოსწორებას გვარიანი დრო ჭირდება. საუბარია, ჯანსაღი ფსიქიკის ადამიანზე, ვინც საკუთარ ნაკლს ხედავს და მის გამოსწორებას ცდილობს. თუ ემერსონის ნააზრევის პერიფრაზირებას მოვახდენთ, ყოველი ადამიანი, რომელთანაც გვაქვს ურთიერთობა, რაღაცით მაინც გვჯობია და ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, ვისწავლოთ მათგან...ხოლო უსაფუძვლო ბრალდება-ეს ის საშიში ნაპერწკალია, რომელმაც შეიძლება თავმოყვარეობის დენთით სავსე საწყობის აფეთქება გამოიწვიოს. ?არ გამოთქვათ საყვედური, რომ სხვისი სახლის სახურავზე თოვლი ძევს, როცა საკუთარი სახლი გადმოუთოვლავი გაქვთ? (კონფუცი).

ცნობისათვის: თუ საზოგადოებასთან ურთიერთობის მსოფლიო ბაზარს გადავხედავთ, ნიშანდობლივი გახდება ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, როგორიც იყო ?ბრენდინგ ამერიკა?. ეს პროექტი 2001 წლის 11 სექტემბრის ტრაგედიის შემდეგ მომზადდა. საშინელმა ?სიურპრიზმა? ამერიკის ხელისუფლება დააფიქრა და მიახვედრა, რომ ჯარითა და იარაღით ყოველთვის ვერ დაიცავ საკუთარ ქვეყანას. საჭიროა, მიაღწიო უფრო ლოიალურ ურთიერთობას მთელს მსოფლიოში და უპირველეს ყოვლისა, არაბულ ქვეყნებში. ?ო, დვაიერის? მონაცემებით, რომელიც Pღ სფეროს იკვლევს, აშშ წლების მანძილზე აგებდა ?ომს? არაბულ სამყაროსთან, საზოგადოებასთან ურთიერთობის კამპანიისა და მომზადების თვალსაზრისით. აქტიურობის პროცენტული მაჩვენებელი ასეთი იყო: 42 : 58; თუმცა 2001 წლის ოქტომბერში დაწყებული ფართომასშტაბიანი, საყოველთაო კამპანიის შედეგად, რაც აშშ-ის რეპუტაციის გაუმჯობესებასა და იმიჯის ამაღლებას ითვალისწინებდა მთელს მსოფლიოში, სიტუაცია სასიკეთოდ შეიცვალა. ეს ფაქტი ამ პროექტში ?ბრენდინგის დედოფლად? წოდებული შარლოტა ბიერზის მონაწილეობამაც განაპირობა.

საქართველომ ?ვარდების რევოლუციით? და ბრენდინგის თვალსაზრისით მოულოდნელი ნახტომი გააკეთა. ეს სასურველი ნახტომი გულისხმობს მოპოვებულის დაცვას და ქვეყნის იმიჯზე დღენიადაგ ზრუნვას. ეს სფერო, ქვეყნის განვითარების ზოგადი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი უნდა იყოს. იმედია, რომ ეს ასეცაა...
ხელისუფლება, რომელმაც არსებული მძიმე მემკვიდრეობიდან გამომდინარე, უდიდესი პასუხისმგებლობა აიღო ( რის დეკლარირებასაც თითქმის ყოველდღე ვისმენთ), საკუთარ ძალებსა და შესაძლებლობებში ბოლომდე დარწმუნებული ჩანს; თუმცა ზედმეტი თვითდაჯერებაც ხანდახან საზიანოა...?ბეწვის ხიდზე? სიარული თავის არსში ორივეს გულისხმობს: გადარჩენასაც და დაღუპვასაც...დაღუპვას, გონიერი და ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი არავის უსურვებს და, მით უმეტეს, ჩვენს ხელისუფლებას ღმერთმა აშოროს; არც გადარჩენა მიიღწევა მთლად უშეცდომოდ...ოღონდ, გულახდილად უნდა შეგეძლოს ნებსით თუ უნებლიეთ დაშვებული შეცდომების აღიარება. ხალხმა თუ გამოგიჭირა ტყუილზე, ის მართალ სიტყვასაც არ დაგიჯერებს...შეცდომისგან არავინ არის დაზღვეული; მით უმეტეს ახალი ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც მავანთა მიერ ძველი ხელისუფლების თანამონაწილე-თანამზრახველადაც მოიზრება.. ?ჯოჯოხეთი-ეს სხვებია?,-სარტრის ეს გამონათქვამი ამჟამად ელექტორატზე კარგად მუშაობს...იქამდე, სანამ რეალურ, პრინციპულ, საზოგადოებისთვის მისაღებ და მის საკეთილდღეო ნაბიჯებს დგამ. ის ცოდვები, რომლებიც ძველ ხელისუფლებას აწევს ქედზე, უკიდურეს შემთხვევაში, ახალზეც იქნება გადანაწილებული, თუკი გამოუსწორებელი შეცდომები დაუშვა... ვიქონიოთ იმედი, რომ ასეთი შეცდომები არ იქნება დაშვებული...იმის იმედი, რომ ხელისუფლება არ გაჯიუტდება და თვიკრიტიკის უნარს არ დაკარგავს. იმედია, ახალი გუნდი გაუბზარავი და შეუვალიც იქნება. იმედია, მუდმივად არ გაგრძელდება ძველი ხელისუფლებისაკენ თითის გაშვერა და მისი უნიათობის მომიზეზებით თავის მართლება... ხალხმა იცის მოთმენა; ჩვენ ეს ვნახეთ...თუმცა მისი მოთმინების ფიალაც ივსება თურმე...?ვინცა დაიუნჯა და დაითმინა, ღირსებითა აღასრულა საქმე?,-გვასწავლის ბრძენი ლაო-ძი...
არა მგონია იყოს პათეტიკა: ?ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი, ჩვენ უნდა მივცეთ მომავალი ხალხს?...(ილია)
ამის იმედი ამჟამად არსებობს!!

ცნობისათვის: მინდა ერთი ფაქტიც გამოვყო; კერძოდ, აშშ-სთან შედარებით, რუსეთის ?ბრენდინგი? საგრძნობლად მოიკოჭლებს. ამას ადასტურებენ რუსეთის საზოგადოებასთან ურთიერთობის გამოჩენილი სპეციალისტები... თუმცა ამ კუთხით მუშაობა სისტემატიურად და აკადემიური სიზუსტით მიმდინარობს; ერთ-ერთი წარმატებული ნიმუში კი-ვლადიმერ პუტინი გახლავთ. ის 2001 წლის ?Pღ პერსონად? დასახელდა. კომპანია PღP ?ის პრეზიდენტი ანდრეი სვეშნიკოვი აღნიშნავს: ?პუტინის პოლიტიკური Pღ წარმატებულია არა მარტო რუსეთში, არამედ მთელს მსოფლიოში. მას ჰქონდა ძალიან კარგი პოზიციურობა ევროპაში. პრეზიდენტის იმიჯი ამჟამად მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის იმიჯისაგან, მისი ეკონომიკისა და მმართველობისაგან?. პუტინი არის ერთგვარი ?ლოკომოტივი?, ხოლო ქვეყნის სამინისტროები და მრავალი კომპანია მასზეა მიბმული და ჯერ-ჯერობით მათი ადგილიდან დაძვრა თუ ხერხდება?. ახალი ცხოვრების სურვილმა, ახალი ეპოქისათვის დამახასიათებელი იდეები მოიტანა. ახალი ხელისუფლების მოსვლა და ახალი 2004 წელი გრანდიოზული და არნახული ღონისძიებით დავაგვირგვინეთ. გამორჩეულია პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიალიც. ეს საქართველოსთვის კიდევ ერთი ?ბრენდინგი? იყო.

და ბოლოს:
გახსოვთ, ალბათ, სპილბერგის შესანიშნავი ფილმი ?რიგითი რაიანის გადასარჩენად?; ის ბატალური სცენები და სისხლიანი გზა, რომელსაც ჯარისკაცთა ერთი ჯგუფი, ოთხი ძმიდან ერთ-ერთი ცოცხალი ძმის, რიგითი რაიანის მოსაძებნად და გადასარჩენად გადის...დიდი ძალისხმევისა და საკუთარი სიცოცხლის ფასად, ეს ჯგუფი უმაღლესი მხედრობის ბრძანებას პირნათლად ასრულებს. გადარჩება რაიანი და ამით გადარჩება დედა, რომელიც გულისფანცქალით ელოდება საკუთარ შვილებს. ერთი სიცოცხლის გადარჩენით, არ მოკვდება მრავალი მშობლის იმედიც, რომლებსაც ასევე ტანჯავთ შვილების მოლოდინი...
იქ (ფილმში), სამწუხაროდ, ბევრი სისხლია... ჩვენთანაც, რეალურ სინამდვილეში, უხვად იყო ბატალური და დრამატული სცენები... ვგულისხმობ ახალი ხელისუფლების მიერ გავლილ გზას. აქაც იყო გაწევ-გამოწევა, შეხლა-შემოხლა და ბრძოლა წესების გარეშე, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გვინახავს... ასე იყო თუ ისე, ფაქტია, ღმერთმა არ გაგვწირა და უსისხლოდ გადავრჩით...ისიც ფაქტია,რომ ჩვენ ბევრჯერ გადაგვიწურეს იმედი; თუმცა ადამიანი მაინც იმედით ცოცხლობს...
საბედნიეროდ, აქ ბევრი ვარდი იყო. არა თეთრი, არამედ წითელი... იმედია, ვარდების რევოლუცია რიგითი იმედის გადასარჩენად იყო განხორციელებული...საბოლოოდ, ჩვენ ყველანი ხომ რიგითები ვართ ღვთის თვალში...
იმედია, გადარჩება იმედი! რადგან იმედიდან-უიმედობამდე არც თუ ისე დიდი მანძილია...
ახალ ხელისუფლებას აქვს ამისი შანსი;
ჩვენ კი-იმედი. . .

ავტორი: ელგუჯა მარღია, პიარ სააგენტო ?პროფილი?
2004 წელი, 21 თებერვალი






ახალი ამბების კალენდარი
ორშსამოთთხუთპარშაბკვ
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031 
 


რეკლამა

ინტერაქტივი
Poll: ემხრობით თუ არა საქართველოს პიარ პროფესიული ასოციაციის შექმნის იდეას?

დიახ


არა


მიჭირს პასუხის გაცემა




ინტერაქტივში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია ამ საიტზე დარეგისტრირება
მთვლელი








© 2003-2007 PRGUIDE.GE. ყველა უფლება დაცულია. დიზაინი ProService. უზრუნველყოფა e107.